უჩა ნანუაშვილი:  პარლამენტის დადგენილება სერიოზული ტესტია, დარჩება თუ არა ეს დოკუმენტი, ფარატინა ქაღალდად

უჩა ნანუაშვილი: პარლამენტის დადგენილება სერიოზული ტესტია, დარჩება თუ არა ეს დოკუმენტი, ფარატინა ქაღალდად

ომბუდსმენის ანგარიშზე პარლამენტის დადგენილება სერიოზული ტესტია, დარჩება თუ არა ეს დოკუმენტი, ფარატინა ქაღალდად, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ომბუდსმენს იმედი აქვს, რომ სამთავრობო სტრუქტურები სერიოზულად გაამახვილებენ ყურადღებას მის ანგარიშში წამოწეულ კონკრეტულ ფაქტებსა და პარლამენტის დადგენილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებზე.

"ჩემთვის წარმოდგენილი დოკუმენტი ანგარიში არ არის. ეს არის სარკე. ჩვენ დღეს ამ სარკეში ჩავიხედეთ და დავინახეთ, რა ხდებოდა გასულ წლებში. წარსულში რომ ცუდი რამ ხდებოდა, ამის გარშემო ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა აღარ განმეორდეს ის, რაზეც ამ ანგარიშშია საუბარი. უნდა გაიზარდოს სტანდარტები - ის, რომ მემკვიდრეობა მძიმეა, არანაირი გამართლება არ არის ახალი დარღვევებისთვის", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიებები უნდა იყოს გამჭირვალე, ობიექტური და არ მოხდეს წარსულზე აპელირება.

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა, ექვსი გვერდისგან შედგება. მასში პარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს: შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მთავარ პროკურატურას. პარლამენტი ასევე მიმართვს მთავრობას, უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარლამენტი დადგენილების მიღებით უპასუხებს.