პრეზიდენტისთვის გაუგებარია, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების დაბალ შედეგებთან წინა მთავრობა რა შუაშია.

პრეზიდენტისთვის გაუგებარია, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების დაბალ შედეგებთან წინა მთავრობა რა შუაშია.

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების დაბალ შედეგებთან წინა მთავრობა რა შუაშია.

ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კითხვის - "პედაგოგების უმრავლესობამ სასერთიფიკაციო გამოცდები რომ ვერ ჩააბარა, არის თუ არა იმის ბრალი ხომ არ არის, რომ წინა მთავრობის პრიორიტეტი განათლება არ იყო?" საპასუხოდ განაცხადა.

"თქვენ ეტყობა, მეხუმრებით. წინა მთავრობა რა შუაშია?! უკვე 10 თვეა, ეს მთავრობაა. უკვე 10 თვეა, დაკეტილია მასწავლებლების გადამზადების ცენტრი. 10 თვეა, პრაქტიკულად, დაკეტილია გლდანის კოლეჯი, სადაც მათ შორის მასწავლებლებსაც უნდა ევლოთ. 10 თვეა, პრაქტიკულად ყველა პროგრამა არის გაჩერებული. კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ არ თქვან, რომ ეს წინა მთავრობის ბრალია რაღაც? მართლა მაინტერესებს. ეს ცენტრი შევქმნით შარშანწინ. მე ვიყავი თავად იქ 10-ჯერ, ყოველდღე ემზადებოდნენ, კონსულტაციებს იღებდნენ, საზეიმოდ დაკეტეს, როგორც ჩემი ქმნილება. მასწავლებლები გამოყარეს სახლებიდან, როცა გაიგეს, რომ მივდიოდით. მოვიდნენ დამფრთხალი მასწავლებლები, ოღონდ გაირკვა, რომ საპირფარეშოში გადადიან მოპირდაპირე მხარეს აუზში, რადგან იქ წყალიც ჩაჭრილია. ასე ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ ვმუშაობთო და მითხრეს, რომ პრობლემა ის არის, რომ მიწა არასწორად არის რეგისტრირებულიო და ვიდრე სამართლიანობა არ აღდგებაო, იქამდე ცენტრი ვერ დაიწყებს მუშაობასო. დირექტორი იყო ინსტრუქტირებული, რომ თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის ეთქვა, რომ ყველაფერი არის წინა მთავრობის ბრალიო. რატომ? იმიტომ, რომ უსამართლოდ დაარეგისტრირეს მიწაო. რა შუაშია მიწის რეგისტრაცია? ამ მიწაზე უკვე ამხელა ცენტრი დგას, მოწყობილი ჩარხებით, ავტომობილებით ტექნიკით და ყველაფრით, უამრავი ფული ჩავყარეთ. სამართლიანობა ვიდრე არ აღდგება, იქამდე ვერ დაიწყებს მუშაობასო. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. სამწუხაროდ, ჩვენ სკოლებში ჯერ კიდევ გვაქვს დონის პრობლემა. საქართველოში შემდეგი ნორმალური და პროგრესული მთავრობა, რომელიც მოვა, მთავარი აქცენტი იმ მთავრობისა იქნება განათლება. ბევრი ფულის ჩადება განათლებაში. ძალიან ბვევრი ფული ჩავყარეთ განათლებაში, როცა მე გავხდი პრეზიდენტი ერთ სტუდენტზე 122 ლარი იხარჯებოდა და ბოლოს 2500 ლარამდე ავიდა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ და მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. მაგრამ 2 500-ს ვხარჯავდით? 10 000 უნდა დაგვეხარჯა. ყველა მასწავლებელს 1500 ლარი უნდა ჰქონოდა ხელფასი. ეს იყო ჩვენი პროგრამა, ამას მივყვებოდით და რატომღაც ნაბან წყალს გადააყოლეს ბავშვიც. მე იმას კი არ ვამბობ, რომ იდეალურად გავაკეთეთ, ბევრი რაღაც არასწორი იყო, ძალიან ვნანობ, რომ ბევრი შეცდომაც დავუშვი მანდ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგი, რასაც ვაკეთებდი, ისიც გაეჩერებინათ. ეგ არის პრობლემა. თქვენ იცით, რომ მოსწავლეებს დაურიგეს ტესტები. მეთერთმეტე კლასელებმა ჩააბარეს მეთორმეტე კლასის ტესტები, მეთერთმეტე კლასელების დიდი ნაწილი მეთორმეტეში აღარ ივლის, იმიტომ, რომ უკვე ახლა ჩააბარეს ტესტები და რა დააშავა იმ ბავშვმა, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა, სწავლობდა და გვერდით ეჯდა ოროსანი ბავშვი, რომელსაც ზუსტად ისევე ჩააბარებინეს ტესტები, როგორც ხუთოსანს? რა დააშავეს ამ ბავშვებმა. რატომ? როცა ასეთი მიდგომაა, ხარისხი ეცემა. ბევრად მეტი უნდა გაკეთებულიყო, ალბათ, ჩვენ დროსაც, მაგრამ ყველაფრის შეჩერება არასწორია", - განაცხადა სააკაშვილმა.