"BBC-ზე და CNN-ზე რეკლამირებას ტურიზმის პოპულარიზაციის გარდა, უსაფრთხოების დატვირთვაც ჰქონდა"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, BBC-ზე და CNN-ზე რეკლამირებას ტურიზმის პოპულარიზაციის გარდა, უსაფრთხოების დატვირთვაც ჰქონდა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც BBC-სა და CNN-ზე რეკლამების განთავსებაზე თანხა აღარ დაიხარჯება.

"რაც მე დაცინვა ავიტანე ბოლო წლებში ტურიზმის რეკლამირებასთან დაკავშირებული, რაც მე ათასგვარი უმსგავსობები მოვისმინე, რომ საქართველოში რა ტურიზმი, სასაცილოა და სააკაშვილის სიგიჟეაო (სიტყვა გიჟი ყველაზე ხშირად ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ტურიზმთან მიმართებაში ვაკეთებდი), ერთადერთი, რაც აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას და არის ჩვენს მიერ შექმნილი და მათ მიერ დაწუნებული ტურიზმი. მაგრამ ამას თუ მუდმივად წყალი არ უსხი, გაიფურჩქნება და დაჭკნება. წყალი არის უსაფრთხოება, წყალი არის რეკლამა, წყალი არის ქვეყანაში დადებითი კლიმატი. BBC-ზე და CNN-ზე რეკლამას სხვა ფუნქციაც ჰქონდა - უსაფრთხოების დაცვა. ეს იყო ასევე ჩვენი უსაფრთხოების გარანტი", - განაცხადა სააკაშვილმა.