"თენგიზ გუნავას შეწყალება ზოგად სტანდარტებში არ ჯდება და სუბიექტური ხასიათის მატარებელია"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, "საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ განკარგულება ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით სწორია, თუმცა შეწყალების ზოგად სტანდარტებში არ ჯდება და სუბიექტური ხასიათის მატარებელია".

ამის შესახებ კახა კოჟორიძემ "პირWელს" პრეზიდენტის განკარგულების სამართლებრივი შეფასებისას განუცხადა.

"პრეზიდენტის ეს განკარგულება ემყარება 2004 წლის 16 ივლისით დათარიღებულ ბრძანებას, რომელიც შეწყალების საკითხს არეგულირებს, სადაც მითითებულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეწყალება და რა შემთხვევაში - არა. შეწყალება არ შეიძლება, როცა პირს დანიშნული სასჯელის 1/3 არ აქვს მოხდილი, ასევე თავს დამნაშავედ არ სცნობს და დანაშაულს არ ინანიებს. თუმცა იმავე ბრძანებაში წერია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, ამ ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვის გარეშე შეიწყალოს პირი. ამიტომ ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გუნავასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება კანონიერია, თუმცა შეწყალების ზოგად სტანდარტებში არ ჯდება, რადგან გუნავას შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებულ გარემოებებს არ ეფუძნება", - განაცხადა კოჟორიძემ.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარის აზრით, "იმ ფონზე, როცა ბევრი ადამიანი შეწყალებას სამართლიანად ითხოვს, გუნავას შეწყალება გამართლებული არ არის".

კოჟორიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში თენგიზ გუნავას მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება ჩანს და აღნიშნავს, რომ "თავიდან, როცა გუნავას მიმართ საქმის ძიება დაიწყო, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია და გუნავა გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშნა".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 ივლისს თენგიზ გუნავას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა. დღეს კი იგი პრეზიდენტმა შეიწყალა და ნასამართლეობა მოუხსნა.