"პრეზიდენტის მიერ გუნავას შეწყალება არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალება არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა.

ამის შესახებ ჩრდილელმა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სასჯელისგან გათავისუფლდა.

"დღეს სააკაშვილმა წინასწარ დააანონსა თენგიზ გუნავას შეწყალება. იქვე ბევრი აბსურდული განცხადებებიც აკეთა. კაცი აცხადებს, რომ დათა ახალაიას არ იცნობს და ამ დროს თურმე, იცის, ბატონი გუნავა როგორ ცხოვრობს. სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით გუნავას საყოფაცხოვრებო პირობებზე. აქვე მინდა, გავიხსენო, რომ სააკაშვილმა თავის დროზე "გაღლეტილი" უწოდა საზოგადოებისთვის ოდიოზურ ფიგურეს - ვანო მერაბიშვილს, ხოლო თუ რა გაღლეტილი და ღატაკია "ნაციონალების" სქოლიოზიანი "ხერხემალი", ხალხმა მშვენივრად იცის. რაც შეეხება თენგიზ გუნავას შეწყალებას, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პიროვნება უდანაშაულოა. გვახსოვს, როგორ შეიწყალა "ნაციონალების" პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები", - განაცხადა ჩრდილელმა.