"არ ვთვლი, რომ ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან მას მოსახლეობის წინაშე ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს აღებული"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ასე უცებ არ უნდა წავიდეს".

ამის შესახებ ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ პოლიტიკიდან ახალ წლამდე წასვლის შესახებ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"მე მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაერთგზის მითქვამს: არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან მას აქვს აღებული ძალიან დიდი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინაშე. საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა დატოვებასაც იგი აპირებს ხელისუფლებაში. პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი თავის წინ იყენებს და რომლის დაფიქსირებასაც სხვადასხვა ადგილზე ცდილობს. ასევე შემიძლია, გითხრათ, რომ ამ განცხადებით ბატონი ბიძინა სრულ გაუგებრობაში ამყოფებს არამარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას. განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა, პოლიტიკური თანამდებობა არ ექნება, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება ყველაფერ იმაზე, რაზეც პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი, ეს რა არის? რა წყობა არის? ქვეყნის მოწყობის რომელი წყობაა? ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის და პოლიტიკოსისთვის, სიმართლე გითხრათ, გაუგებარია 21-ე საუკუნეში წყობა, როდესაც, როგორც "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს თუ ვინ დატოვოს თავის ადგილზე. შემდეგ ის გადაწყვეტს, რა ფუნქციები ექნება და როგორ მართავს პოლიტიკური თანამდებობის გარეშე ქვეყანას. არ ვარგა ასეთი განცხადებები პირდაპირ მინდა, ვთქვა. მინდა, ვთხოვო ბატონ ბიძინას, რომ მიაქციოს მისი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ ამ ტიპის განცხადებებს ყურადღება და თავადაც გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მას ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს დააკისრა", - განაცხადა ბურჯანაძემ.