უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "დემოკრატიასთან შეუთავსებელი" ქმედებების განხორციელების მცდელობაზე საუბრობს.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს ივანიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკიდან შესაძლოა ახალ წლამდე წავიდეს.
"არ ვიცი ეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული, მაგრამ ვიცი, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობას ირჩევენ გარკვეული ვადით და თანამდებობის პირები, ვისაც ირჩევენ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობა ატარონ. როცა რეალური ძალაუფლების მქონე ადამიანი არ არის თანამდებობაზე და გარედან მართავს მარიონეტებს, ძალიან სახიფათო და დემოკრატიასთან შეუთავსებელი ქმედება და ტენდენციაა. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ეს იქნება დემოკრატიასთან შეუთავსებელი", - აღნიშნა ბოკერიამ.
ბელგიური გამოცემა Euobserver-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება.