აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის საკითხით დაინტერესდა

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის საკითხით დაინტერესდა

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ვიქტორია ტეილორი პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას , სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მხრივ წარმოქმნილი პრობლემით დაინტერსდა. 

ამის თაობაზე ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა აცნობა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები იყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ზურაბიშვილთან მიმართებაში არსებულ ბარიერთან დაკავშირებით, ამერიკელ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კონსტიტუციიდან სწორედ იმ პუნქტის ამოღებაა ინიცირებული, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ხელს უშლის დაიკავოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, თუმცა ამ პროექტის პარლამენტში მიღებას 2/3-იანი კვორუმი სჭირდება.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტმა კანდიდატმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუკი რაიმე სამართლებრივი საშუალებები არსებობს, რომელიც კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში ჯდება და რომელიც არ დაარღვევს სხვა კანდიდატების უფლებებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ, ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ცვლილება უკვე განხორციელდა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით.

"მოქმედი კანონმდებლობა ნინო ბურჯანაძეს არ აძლევდა საშუალებას პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი პარტიიდან ყოფილიყო დასახელებული, თუმცა შეიძლებოდა საინიციატივო ჯგუფიდან ყოფილიყო დასახელებული. ჩვენ ეს წესი საკუთარი ინიციატივით შევცვალეთ და პარტიას უკვე შეუძლია დაასახელოს მისი კანდიდატურა. ეს არის ელემენტარული აუცილებლობა, რომ საარჩევნო გარემო არ ქმნიდეს რაიმე ხელოვნურ ბარიერებს, თუმცა გადაულახავი კონსტიტუციური პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩვენ უძლური ვართ", – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ტეილორთან შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სამომავლო გეგმებზე როგორც პარლამენტის განვითარების თვალსაზრისით, ისე ზოგადად იმ ცვლილებების აუცილებლობაზე, რომელიც ქვეყანაშია განსახორციელებელი.