გიორგი კანდელაკი:  ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს

გიორგი კანდელაკი: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის აზრით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველობისთვის ემზადება. 

როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის მიერ უცხოური მედიისთვის გაკეთებული განცხადება, რომ პოლიტიკიდან შესაძლოა ახალ წლამდე წავიდეს.

"ცხადზე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიული წეს-წყობილება წარმოუდგენია არა ისე, როგორც დასავლეთში და თავისუფალ სამყაროშია, არამედ სურს გვერდიდან მართავდეს სისტემას, ჰქონდეს არაფორმალური ძალაუფლება და ფორმალური ინსტიტუტების სათავეში დასვას მისი მარიონეტები. ამის დასტურია, მის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკურად ნაცრისფერი და იდენტობის არმქონე პირის, გიორგი მარგველაშვილის დასახელება. დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც ის ერთ-ერთ მარიონეტს დაასახელებს, თუმცა თავად მაშინაც კი, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ექნება, გადაწყვეტილების მიმღებად დარჩება", - განაცხადა კანდელაკმა.

უმცირესობის წარმომადგენლის შეფასებით, აღნიშნული არა უბრალოდ შემაშფოთებელი, არამედ დემოკრატიული ქვეყნის მართვის ყველაზე მავნებლური და დესტრუქციული ხედვაა.

ამასთან, კანდელაკი ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც პრემიერმა არ გამორიცხა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხაზი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა.

"ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხაზი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მთელს ენერგიას, რესურს ახმარს არა პრობლემების მოგვარებას, არამედ ჩვენთან ბრძოლას", - დასძინა კანდელაკმა.
ბელგიური გამოცემა Euoserver-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება.