იაროსლავ კაჩინსკი ვანო მერაბიშვილს მოინახულებს

იაროსლავ კაჩინსკი ვანო მერაბიშვილს მოინახულებს

საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ კაჩინსკი "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულ გენერალურ მდივან, ვანო მერაბიშვილს მოინახულებს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ ჟურნალისტებს პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბარამიძის ინფორმაციით, კაჩინსკი საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. იგი ასევე, პარტიის დაკავებულ გენერალურ მდივან, ვანო მერაბიშვილს მოინახულებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბარამიძის განცხადებით, მასზე საუბარი იყო, როგორ საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ვითარების შესახებ.

"განვიხილეთ როგორც საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, ისე საქართველოში არსებული მდგომარეობის ყველა ასპექტი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი – თუ რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ პარტნიორების მხარდაჭერით, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ადექვატური რეაქცია არ არის. გარდა ამისა, ჩვენი სტუმრების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ გრძელდება შერჩევითი სამართლის გამოყენება და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ევროკავშირის გზაზე", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი კანდელაკის თქმით კი, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ შეცდომებზეც, რომელთაც, მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე უშვებს.

"საუბარი იქნა იმ მცდარ გზაზე, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ადგას. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის დაბრუნება დემოკრატიულ რელსებზე", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გიორგი ბარამიძის და გიორგი კანდელაკის გარდა ზურაბ ჯაფარიძეც ესწრებოდა. სტუმრების მხრიდან შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა.