ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი წინა ხელისუფლების გასამართლების თაობაზე პარლამენტში შესულ მოთხოვნას იხილავს.
საუბარია 19 მაისს, სპორტის სასახლეში, ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ორგანიზებით გამართულ ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა წინა ხელისუფლების გასამართლებაა.
რეზოლუციაში დაფიქსირებულია პარლამენტისადმი მიმართვა - შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეისწავლის და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას.
მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1 ოქტომბერს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და არა წინა რეჟიმთან თანამშრომლობა. სამართლიანობის აღდგენა კი, რეზოლუციის მიმღებთა განცხადებით, პირველ რიგში, დამნაშავე რეჟიმის კანონის ძალით გასამართლებას მოითხოვს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რეზოლუციას 12 ათასამდე ხელმოწერა ახლავს თან.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობენ ნანა კაკაბაძე, თორნიკე მოლაშვილი და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის მეგობარი რეზო რეხვიაშვილი.