"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პატრიარქის ვიზიტი რუსეთში კიდევ ერთხელ ნათელყოფს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირ საუბარს და დიალოგს.
"ისევე, როგორც საქართველოს პატრიარქს, მეც იმედი მაქვს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები დალაგდება. დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას, რომელსაც ამბობს რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შეასრულებს. მე გამოვრიცხავ, რომ მას მიეცა პატრიარქისთვის რაიმე ისეთი პირობა ან წინადადება, რომელსაც ის იგნორირებას გაუკეთებდა შემდგომში. ეს არის გამორიცხული. ძალიან პოზიტიურად ვაფასებ პატრიარქის ვიზიტს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, "ხომ არ სცდება რუსეთში პატრიარქის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები ეკლესიის კომპეტენციის ფარგლებს", ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
"მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქის ვიზიტით გაიღო გარკვეულწილად სარკმელი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ისეთი უმნიშვნელოვანესი თემების მოგვარებისაკენ, როგორიც არის ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ჩვენი დევნილების საკითხი. ეს ეკლესიის ფარგლებს არანაირად არ ცდება. ამას პატრიარქი აკეთებს, მან ძალიან კარგად იცის და საკუთარ ხალხზე და მოსახლეობაზე ზრუნვა ნამდვილად არ ცდება მართლამიდებლური ეკლესიის კომპეტენციის ფარგლებს. ეს არის შესაძლებლობლობებზე საუბრის დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ახლა სწორი გაგრძელება სჭირდება არამხოლოდ სასულიერო პირებს შორის, არამედ სჭირდება სწორი პოლიტიკური გარემო. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება საქართველოში ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ჩააბარებს მანდატს - ილაპარაკოს საქართველოს სახელით და იბრძოლოს საქართველოს ერთიანობისათვის და საქართველოს სწორი საგარეო კურსის უზრუნველყოფისათვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.