პარლამენტში ხვალ სახალხო დამცველს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ სახალხო დამცველს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მოუსმენს. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშზე, რომელიც პარლამენტს მარტის ბოლოს წარედგინა, რიგგარეშე სხდომის ფორმატში სესიაზე იმსჯელებენ. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მზად აქვს პარლამენტის დადგენილების ექვსგვერდიანი პროექტი. მასში ომბუდსმენის ანგარიშზე დაყრდნობით წარმოდგენილია კონკრეტული მითითებები და რეკომენდაციები აღმასრულებელი სტრუქტურების მისამართით.

სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს - პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ხასიათის ქმედებებს. მასში ასახულია სოფელ მერეთში, კარალეთში, ბეშუმსა და დიდგორში მომხდარი ინციდენტები.

ანგარიშში ასევე მოხვდა ოპოზიციურად განწყობილი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა ქუთაისში, კასპში, ხაშურში, რუსთავში, მესტიაში, საგარეჯოში, ქარელსა და სხვა ქალაქებში.

დოკუმენტში დაფიქსირებულია პოლიციელთა მიერ პირთა დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები; საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვების, სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

სახალხო დამცველის ანგარიშის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა გარემოებები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იმ დროს მოწოდებულ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შექმნა, აღჭურვა და გაწვრთნა.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია სისტემური დანაშაულების ჩადენაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებზე.

გარდა ამისა, დოკუმენტში ადგილი ეთმობა საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევებს - კანონის დარღვევით და დასაბუთების გარეშე ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, სახელმწიფოსთვის კერძო ან იურიდიული პირების მიერ ჩუქების ფორმით საკუთრების გადაცემის შემთხვევებს.

ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის სხვა კონკრეტულ შემთხვევებზე.