რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნიდერლანდების სამეფოს, ჩეხეთის, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, რუმინეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგამის ელჩები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
პაატა ზაქარეიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატებს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით არსებული ვითარება, ხელისუფლების მიდგომები და პოლიტიკა გააცნეს. მათ ელჩების კითხვებსაც უპასუხეს. საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებას, გადაადგილების თავისუფლებას, პირდაპირი დიალოგის საკითხებს, სამომავლო პერსპექტივებს, არაღიარების პოლიტიკას და ევროკავშირას და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით.
"ეს იყო მორიგი შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, თუმცა, სახეცვლილი ფორმატით და არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შეხვედრა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და პასუხები გაეცა როგორც ელჩების, ასევე, ჩვენს კითხვებს. გვსურდა, ელჩებისგან გაგვეგო, როგორ ხედავენ მათი სახელმწიფოების ჩართულობას კონფლიქტების ტრანსფორმაციაში. ეს იყო გულახდილი საუბარი იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. მიმაჩნია, რომ ამგვარი არაფორმალური შეხვედრები ხშირად უნდა გაიმაროს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა შეხვედრას სასარგებლო უწოდა. "საინტერესო იყო სამინისტროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დიალოგი. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამგვარი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიებს, პირდაპირ მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორს, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებებთან.
დავაფიქსირეთ კონკრეტული იდეები თანამშრომლობის განვითარებაზე, ვაჭრობის გაუმჯობესებაზე, ნდობის მშენებლობაზე. საქართველოს ხელისუფლებს სრულიად ახალი მიდგომები აქვს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და მხარს დავუჭერთ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, მომავალ წელს, როცა შვეიცარია გახდება ეუთოს თავმდჯომარე ქვეყანა და მონაწილებას მივიღებთ ჟენევის მოლაპარაკებებში", - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.