რუსთავის №17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარს წვეთოვანი დაუდგეს

რუსთავის №17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარს წვეთოვანი დაუდგეს

რუსთავის №17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრის, ირაკლი შულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან"" საუბარში შულაიას ადვოკატმა მამუკა ქირიამ განაცხადა, დღეს საღამოს პატიმარს წვეთოვანი დაუდგეს, ის თავს ძალიან სუსტად გრძნობს. "მისი ფსიქიკური და ქცევითი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიღებდა კანონიერ გადაწყვეტილებას, სასჯელის მოსახდელად 11 თვეღა რჩებოდა. მას ეხება ე.წ. უდო, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. იმედია კომისია გადაწყვეტილებას"" დროულად მიიღებს", - აღნიშნა მამუკა ქირიამ.

ირაკლი შულაია №17-ე დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც საქმეების გადახედვას ითხოვენ, უკვე მერვე დღეა შიმშილობს. ის წყლის მიღებაზეც უარს ამბობს. შულაიას უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება დღეს მე-17 დაწესებულებაში მყოფმა ერთ-ერთი მსჯავრდებულის მოძღვარმა გააკეთა, რომელმაც მოშიმშილე პატიმრები მოინახულა. სასულიერო პირის თქმით, შულაია მასთან საუბრისას ითიშებოდა და გონებას კარგავდა.

ბოლო ინფორმაციით, რუსთავის №17-ე დაწესებულებაში 48 პატიმარი შიმშილობს. პატიმრების ახლობლების თქმით, შიმშილობის შეწყვეტას დაწესებულებაში დეპუტატ ეკა ბესელიას მისვლამდე არ აპირებენ.