მმართველმა გუნდმა 92 ხმით, პრეზიდენტის მორიგი ვეტო გადალახა. პარლამენტში ამჯერად "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლიეს. "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონპროექტის მიღების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი ხელმოწერის და გამოქვეყნების წესი რეგულირდება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ამ თვალსაზრისით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი ბაზა პრობლემატურია და შექმნილია ჩიხური ვითარება, როცა უმაღლესი საბჭო ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
პრეზიდენტის შეფასებით კი, პარლამენტი, მის მიერ მიღებული კანონპროექტით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩაერია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს აკნინებს.
გარდა ამისა, როგორც საკითხის განხილვისას ოპოზიციის მხრიდან აღინიშნა, "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებს პოლიტიკური ამოცანაც გააჩნია და მისი მიღების მიზანია, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის შესაძლებლობა მიეცეს.
"ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდება.