ჩვენ შევუქმნით სრულ კომფორტს უმრავლესობას იმისთვის, რომ მათ თანამდებობებიც დაიკავონ, თანხებიც და მანქანებიც, - ამის შესახებ საკრებულოს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ახვლედიანმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ბევრი საკითხი, მათ შორის მსჯელობა შეეხებოდა სამომავალო თანამშრომლობასაც.
"რაც შეეხება შემოთავაზებას, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს დაეკავებინა რომელიმე კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, ეს ნაბიჯი პირობითია. პირველად განაცხადი კომისიის თავმჯდომარეობის შესახებ ჩემთან შემოვიდა, რადგან მე ვიყავი მაშინ ჩართული კონსულტაციებში. ეს იყო 17 ივლისს და მაშინ ჩვენთვის არანაირი თანამდებობები არ იყო შემოთავაზებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ პრობლემები და პრეტენზიები არ გვაქვს, თუმცა როდესაც ჩვენ ვიყავით მყარ უმრავლესობაში 38 დეპუტატით, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე და წამყვანი კომისიის 2 თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარის შეთავაზება ლოგიკურია, რადგან სხვაგვარად კომისიები ვერ იფუნქციონირებს.
"არსებულ უმრავლესობაში 25 დეპუტატია და ყველა იკავებს თანამდებობას, ამიტომ მოადგილეების პოსტები ისედაც ვაკანტურია. ჩვენ შევუქმნით სრულ კომფორტს უმრავლესობას იმისთვის, რომ მათ თანამდებობებიც დაიკავონ, თანხებიც და მანქანებიც", - განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა.
მისივე განმარტებით, იქმნება ფრაქციები, რომლებიც მთლიანობაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეადგენენ და ეს ფრაქციები სპეციალურად არის დაყოფილი რაიონების მიხედვით, რათა უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს თითოეული რაიონის მოსახლეობასთან.
"ვფიქრობ, რომ ამ ფორმით საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება. საკრებულო პოლიტიკური ორგანოა და ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს. 7 ფრაქციის შექმნა ნიშნავს იმას, რომ მაგალათად ბიუროზე ჩვენ გვაქვს 7 ხმა, ასევე ჩვენს ოპონენტებსაც აქვთ 7 ფრაქცია და ეს ნიშნავს პარიტეტს. ეს არის ახალი გზა პოლიტიკური პარიტეტისკენ თბილისის საკრებულოში, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად არ ზრდის", - მიაჩნია მამუკა ახვლედიანს.
საკრებულოში 7 ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზი უმცირესობის კიდევ ერთმა ლიდერმა თამაზ შოშიაშვილმაც განმარტა. მისი თქმით, 25-მა ადამიანმა 24 თანამდებობა გადაინაწილა, მხოლოდ გულიკო ზუმბაძე დატოვეს თანამდებობის გარეშე. "მათ ამ დროისთვის 7 ფრაქცია აქვთ და ჩვენ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე, რომლის გათვალისწინებითაც, გვექნებოდა მხოლოდ ერთი ხმა ბიუროზე და ერთი ლიმიტირებული გამოსვლის საშუალება სხდომაზე. აქედან გამომდინარე, შევქმენით რამდენიმე ფრაქცია, რომლებიც აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ თბილისის საკრებულოში", - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.