სახალხო დამცველი სახელმწიფოს N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმის დასახვას ურჩევს

სახალხო დამცველი სახელმწიფოს N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმის დასახვას ურჩევს

სახალხო დამცველი სახელმწიფოს N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმის დასახვას ურჩევს. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მოშიმშილეებს 26 ივლისს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. 

"ბევრ ადამიანს აწუხებს ის უკანონო განაჩენი, რომელიც დამდგარია მათ საქმეში, არის სერიოზული პრობლემები ჯანდაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში ისინი ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას. საუბარია ასევე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის არაეფექტურობაზე. ვფიქრობ, არის ბევრი სერიოზული პრობლემა. ამ ადამიანების პრეტენზიები ხშირ შემთხვევაში არის ლეგიტიმური და სამართლიანი და უნდა მოხდეს შესაბამისად რეაგირება კონკრეტულ პრობლემებზე. ვფიქრობ, პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფომ კონკრეტული გეგმა უნდა დასახოს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, მსჯავრდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მერვე დღეა, შიმშილობენ. N17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს, ნაწილი კი მოითხოვს, რომ ე.წ. უდოს კომისიამ მათი განცხადებები დროზე განიხილოს. პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილეთა შორის ოთხ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი. მათი თქმით, მოშიმშილე მსჯავრდებულების რაოდენობა უკვე 48-მდე გაიზარდა.