ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. როგორც რიჩარდ ნორლანდმა გენადი ონიშჩენკოს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს გაუგებრობა, თითქოს აღნიშნულ ლაბორატორიას აქვს სამხედრო დანიშნულება ან ის ჩართულია ბიოლოგიური იარაღის კვლევაში. ელჩის განმარტებით, ლაბორატორია სამეცნიერო დაწესებულებაა და იგი სრულიად ღია და გამჭვირვალეა რეგიონის მეცნიერებისთვის.
"აღნიშნული ლაბორატორია საქართველოს დაქვემდებარებაშია და ის არის ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტი მეცნიერებისთვის, მათ შორის რუსი მეცნიერებისთვისაც და მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს, ჩამოვიდნენ და გაეცნონ ამ ლაბორატორიის საქმიანობას, რადგან ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორიის შესახებ გაკეთებულმა განმარტებებმა რუსეთის მღელვარება გაამძაფრა. "საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან თუ შენ იარაღი გაქვს, ამ იარაღით "ვენური ვალსის" შემსრულებელ ორკესტრს არ უდირიჟორებ", - აღნიშნა ონიშჩენკომ.
რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიოლაბორატორია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. თუმცა, ონიშჩენკო აცხადებს, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება ბიოლაბორატორია კულტურის სამინისტროს დაუქვემდებარო ქართველი ერის უძველეს კულტურაზე დაყრდნობის მოტივით.
"ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მღელვარების საპასუხოდ ქართული მხარისგან არაკომპეტენტური და პრიმიტიული განცხადებები მივიღეთ, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ობიექტს ვერ აკონტროლებს", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა და დასძინა, რომ სპეციალური მოწყობილობების არსებობა, ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო ბაქტერიოლოგების მუშაობა აძლიერებს რუსეთის ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნდობის გზით უნდა სიარული.
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 22 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოდან შესულ საკვებ პროდუქტზე კონტროლს გაამკაცრებს, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლაბორატორიის მუშაობის გამო.