სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #17 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულები ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებმა მოინახულეს.
ერთ-ერთი მსჯავრდებულის მოძღვარის თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მშრალად მოშიმშილე ოთხი მსჯავრდებული. მათგან ირაკლი შულაია მოძღვართან საუბრისას გონებას კარგავდა და ითიშებოდა. მოშიმშილეებს შორის, სასულიერო პირის თქმით, არიან დიაბეტით, C ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და სიმსივნით დაავადებულები.
როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის მოძღვარმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ოთხ პატიმარს, რომელიც მშრალ შიმშილობაზეა დროულად აღმოუჩინონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო ირაკლი შუალაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა დროულად იქნას გადაყვანილი საავადმყოფოში.
მსჯავრდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მერვე დღეა რაც #17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები შიმშილობენ.
#17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი მათი საქმეების გადახედვას მოითხოვს, ნაწილი კი მოითხოვს, რომ ე.წ.უდოს კომისიამ დროზე განიხილოს მათი განცხადებები.
პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილეთა შორის ოთხ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი. მათი თქმით, მოშიმშილე მსჯავრდებულების რაოდენობა, დღეისათვის უკვე 48-მდე გაიზარდა.