რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დახარჯული თანხები გასულ წელთან შედარებით ნაკლებია.
თუმცა ამასთან, დავით ნარმანია განმარტავს, რომ გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა მასშტაბური პროექტები სხვა სამთავრობო უწყებების ბიუჯეტებიდანაც ფინანსდებოდა, წელს კი ეს პოლიტიკა აღარ გრძელდება და მთლიანობაში წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დახარჯული თანხები გასულ წელთან შედარებით ნაკლებია.
შესაბამისად, წელს ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლებ გავლენას იქონიებს.
შეგახსენებთ: ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელების ერთ–ერთი მიზეზი სახელმწიფო ხარჯების და ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებაა. დავით ნარმანია ჩვენთან საუბარში არ უარყოფს რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებამაც გამოიწვია. თუმცა მინისტრის თქმით მის უწყებას ამ მიმართულებით ჩამორჩენა არ აქვს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, წელს, პირველი 6 თვის მანძილზე მათ 10 %–ით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები შეასრულეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.