საქართველოს პარლამენტში 49 დეპუტატის მიერ იქნა ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების შეჩერებას.
შესაბამისი ცვლილებები ასახული უნდა ყოფილიყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. აღნიშნული კანონპროექტი 2013 წლის 25 ივლისს პარლამენტში პირველი მოსმენით იქნა მიღებული.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია ერთობლივად აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას და დარტყმის ქვეშ აყენებს იმ ძირითად ღირებულებას, რასაც საკუთრების უფლების დაცვა ჰქვია. კერძოდ, ინიცირებული ცვლილებების შედეგად:
ბანკები და, ზოგადად საფინანსო ინსტიტუტები დადგებიან ვალდებულებების გადაუხდელობის მაღალი რისკის წინაშე, თუ კანონით 2014 წლის 1 თებერვლამდე იმპერატიულად ხდება აღსრულების შეჩერება. მოსალოდნელი რისკების გაზრდის კვალობაზე საფინანსო სექტორი დაიწყებს საკრედიტო აქტივობის შემცირებას, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე;
აღნიშნული ცვლილებები სერიოზული ნეგატიური სიგნალი იქნება საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს საბანკო სექტორის მთავარი ინვესტორები არიან. აღნიშნული ცვლილებების არასამართლებრივი და ეკონომიკურად მიუღებელი ხასიათიდან გამომდინარე, მათ უფლება რჩებათ აღნიშნული ცვლილებების შედეგად გაზრდილი რისკების პირობებში მოახდინონ მათ მიერ გაცემული სესხების დადეფოლტება, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის ცალსახად უარყოფით შედეგებს მოიტანს. ეს ასევე უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე;
მსგავსი პრეცედენტის დაშვება გაზრდის ბანკებისთვის იპოთეკურ სესხებზე რისკს, რაც გამოიწვევსარათუ საპროცენტო განაკვეთის ზრდას და გასაცემი იპოთეკების შემცირებას, არამედ უმრავლეს შემთხვევაში ბანკების მხრიდან უარს სესხების გაცემაზე. აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდება სამშენებლო სექტორიც, რადგანაც ვერ შეძლებს იპოთეკური სესხებით უძრავი ქონების გაყიდვას. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სამშენებლო სექტორის პარალიზებას და სამუშაო ადგილების შემცირებას;
სერიოზულად დაზარალდება საფინანსო ბაზრის განვითარება, მოხდება მისი დეფორმაცია და, რაც ყველაზე უფრო სახიფათოა, დაიწყება მევახშეების ,,შავი ბაზრის" განვითარება, რის შედეგადაც კი არ შემცირდება კერძო ”სავახშო კაპიტალი”, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება;
უმნიშვნელოვანესია, რომ ამგვარი დროებითი ღონისძიებები ვერ მოაგვარებს იმ პირთა სოციალურ პრობლემებს, რომელთა დასახმარებლად აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდა და სერიოზულად შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას, რაც საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ნაწილს დააზარალებს.
ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას მოხდეს შეხვედრა კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის აღნიშნულ საკითხზე.
გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს კანონპროექტზე, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყნის ეკონომიკის დაზარალება.