შაქრო ზაალიშვილი ბაჩო ახალაიას შეკითხვას და რეპლიკებს პასუხობს

შაქრო ზაალიშვილი ბაჩო ახალაიას შეკითხვას და რეპლიკებს პასუხობს

პროკურორი შაქრო ზაალიშვილი ბაჩო ახალაიას შეკითხვას და რეპლიკებს პასუხობს. როგორც ზაალიშვილმა ბაჩო ახალაიას მხრიდან სასამართლო პროცესზე დასმულ შეკითხვაზე, გაბედავდა თუ არა იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეკითხვის დასმას - "ჰქონდა თუ არა ადგილი სპეცრაზმელების წამებას პოლიტიკური ნიშნით", შაქრო ზაალიშვილმა განაცხადა, რომ ამას ნამდვილად გაბედავდა. 

აღნიშნულის შესახებ ზაალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესის შესვენებისას განაცხადა.

ამასთან, შაქრო ზაალიშვილმა კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას რეაქციაზე, რომელიც მას პროკურორის კიდევ ერთი შეკითხვის დროს ჰქონდა, კერძოდ, პროკურორმა დასვა შეკითხვა: მიიღო თუ არა ბაჩო ახალაიამ სპეცრაზმელების წამების ამსახველი ფოტოები, სადაც ისინი გაშიშვლებულები არიან და უკანა ტანში ტოტები აქვთ გაკეთებული, პროკურორის აღნიშნულ შეკითხვას ბაჩო ახალაიას მხრიდან ხმამაღალი რეაქცია მოყვა.

"ბაჩო ახალაიას ნამდვილად ჰქონდა აგრესიული რეაქცია. ეს ფოტოსურათები კი საქმეში იმიტომ არ არის, რომ გადაიღეს ბრალდებულებმა და, რა თქმა უნდა, ისინი პროკურატურას ფოტოსურათებს არ წარმოუდგენდნენ. ეს ფაქტი ჩვენ ვიცით მოწმეთა ჩვენებების მიხედვით. კერძოდ, დაზარალებულებმა განმარტეს ჩვენებების მიცემის დროს, რომ ისინი წაქცეულები გააშიშვლეს და ჯოხები გაუკეთეს დამამცირებლად უკანა ტანში. იღებდნენ სურათებს, რომლებსაც, ამბობდნენ, რომ მინისტრს აჩვენებდნენ და ის მაგრად იხალისებდა. ბაჩო ახალაიას დავუსვი კითხვა, მიიღო თუ არა ეს სურათები, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია, რომ ასეთი რაღაც არ მომხდარა", - განაცხადა პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა.

რაც შეეხება რეინჯერის პროგრამას, რომელსაც მიმდინარე სასამართლო პროცესზე ასევე ხმაური მოჰყვა, კერძოდ, ბაჩო ახალაიას მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული რეინჯერის პროგრამა შს სამინისტროში ინახება, ხოლო ბრალდების მხარე ამას უარყოფდა. შაქრო ზაალიშვილის თქმით, ეს პროგრამა საერთოდ არ არსებობს.

"რაც შეეხება რეინჯერის პროგრამას, მასალებით დასტურდება, რომ ასეთი პროგრამა არ დაწერილა. რეინჯერის კურსი არ ჩატარებიათ ამ საქმეზე დაზარალებულებს. არ არსებობს მსგავსი პროგრამა და ეს მოქმედებები, რომელიც დაზარალებულთა მიმართებაში განხორციელდა იყო არალეგიტიმური", - განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

პროკურორის თქმით, პროგრამა პროკურატურამ მოიძია, მიმართა შს სამინისტროს, თუმცა მიიღო უარყოფითი პასუხი და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.

პროკურორის ამ განცხადებას, სასმართლოზე გამოცხადებულ შესვენებაზე დაცვის მხარის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი გამოეხმაურა. როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატი აცხადებს, რეინჯერის პროგრამა პროკურატურამ არასწორი ფორმულირებით მოითხოვა და შესაბამისად ვერ მიიღო შს სამინიტროდან დოკუმენტი.

"სახელმწიფო სტრუქტურა იტყუება და სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს. პროკურატუამ დოკუმენტი შს სამინისტროდან არასწორად გამოითხოვა. მოთხოვნაში მიუთითა რეინჯერის კურსი მაშინ, როდესაც მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით პროგრამა მოხსენიებული იყო, როგორც გადამზადების პროგრამა. პროკურატურას რომ მოეთხოვა გადამზადების კურსი, ამ პროგრამას მიიღებდა. ეს პროგრამა არსებობს და მისი არსებობა დასტურდება ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის შალვა ჯანაშვილის ჩვენებიდანაც, რომელიც არის ბრალდების მოწმე", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის პოლიტიკური შეხედულებების გამო წამების ორგანიზების საქმეს, ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულების დაკითხვის შემდეგ სასმართლო განხილვები სრულდება და დასკვნით ეტაპზე გადადის, შესაბამისად, მისი თქმით, საქმეზე განაჩენი მალე უნდა დადგეს. ამასთან ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა, მისი თქმით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ბრალდებაზე უარს იტყვის.