განათლების ახალი მინისტრი ძველი კადრებიდან მხოლოდ ერთი მოადგილის და დეპარტამენტის ერთი ხელმძღვანელის დატოვებას აპირებს, - ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განუცხადა, რაც პრემიერ-მინისტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
სანიკიძე დეპარტამენტის ერთი ხელმძღვანელის მოადგილედ გადაყვანას გეგმავს, წინამორბედის ყოფილ მოადგილეებს კი აღარ დააბრუნებს. განათლების ახალ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაიკავებს მოადგილის თანამდებობას, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროში ბევრი საქმე დაგროვდა, რომლის მოგვარებასაც მხოლოდ პროფესიონალები შეძლებენ.
"ვფიქრობ, დანარჩენი მოადგილეები ჩემს გუნდში ამ ეტაპზე არ დარჩებიან", - განაცხადა სანიკიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სურვილი ჰქონდა, თუმცა მენეჯერს "საკუთარ დანიშვნებს თავს არ მოახვევს". თამარ სანიკიძემ პრემიერს ამგვარი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.
"პოლიტიკური გადაწყვეტილებები გასაგებია, თუმცა, ვფიქრობ, სამინისტროში ისეთი სპეციფიკის საქმეა დაგროვილი, მარტო, პროფესიონალების გარეშე თავს ალბათ ვერ გავართმევ", - აღნიშნა სანიკიძემ.
თამარ სანიკიძეს ამ სიტყვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა "კერკეტი კაკალი" უწოდა და აღნიშნა, რომ მოადგილესთან დაკავშირებით "პოლიტიკური დავალება ჰქონდა", თუმცა ახალ მინისტრს ამასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია შენიშნა.
"აბსოლუტურად მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა მინისტრს მივეცი მოადგილეების არჩევის საშუალება. მქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ რადგან თქვენ ასეთი პრინციპული პოზიცია გაქვთ, თავს შევიკავებდი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერისა და განათლების მინისტრის დიალოგის ამსახველი ვიდეომასალა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა.