თუ დავით ზურაბიშვილის რეაქცია იყო მკვეთრი, ესე იგი, მინისტრი თამარ სანიკიძე ძალიან ჭკვიანი ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ზურაბიშვილის გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დავით ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა გაუწიეს რომ იგი მინისტრის მოადგილედ დარჩენილიყო, რასაც თავდაპირველად დაეთანხმა, თუმცა თამარ სანიკიძემ კორექტულად დაარწმუნა, რომ უმჯობესი იქნებოდა საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მისცემოდა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა და წესია, რომ უფროსს გუნდის დაკომპლექტების საშუალება უნდა ჰქონდეს.
"მე მინისტრმა ძალიან მოკლე დროში დამარწმუნა და მიმანიშნა იმაზე, რაც სწორია, რომ მას უნდა ჰქონოდა საშუალება თავად ჩამოეყალიბებინა თავისი გუნდი. ამის უფლება მას მივეცი და ეს არის ნორმალური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით ზურაბიშვილის ნებაა იგი დათანხმდება თუ არა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებს "რესპუბლიკურ პარტიასთან" არავითარი კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტიის ირგვლივ არაფერი ხდება და პარტია დაცვას არ საჭიროებს.
"გაუგებარია, თუ ზურაბიშვილს ასეთი რეაქცია ჰქონდა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ე.ი. ამ ქალბატონმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. თუ ზურაბიშვილის რეაქცია იყო მკვეთრი, ესე იგი მინისტრი ყოფილა ძალიან ჭკვიანი და ძალიან სწორი არჩევანი გაუკეთებია. მე ამას მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.