ამ წუთებში, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა და ორგანოს შენობაში განმაღველების ჯგუფი მუშაობს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კორესპოდენტი იტყობინება, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და ტერიტორია დატოვეს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა.
შექმნილი ვითარების გამო, დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, ხვალისთვის გადაიდო და განცხადებაც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
სპიკერის თქმით, სამართალდამცავ უწყებებში შესულია სიგნალი და უსაფთხოების წესებიდან გამომდინარე, შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.
„რისკი ძალიან დაბალია და შეუძლებელია, ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს, მაგრამ მცირე რისკიც კი გამოსარიცხია და შემუშავებული გეგმით, ევაკუაცია გამოცხდადდა. დღევანდელი სხდომა ვეღარ განახლდება, რის გამოც, სხდომა ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სჯობს, რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, კომენტარი გააკეთა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს დეტექტიური განწყოფილების უფროსმა, სერგო ადეიშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ბომბმის თაობაზე პოლიციაში ზარი დღეს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შევიდა.
„ზარისთანავე პოლიციამ ადეკვატური რეაგირება გააკეთა და ადგილზე, გამნაღველების ჯგუფი იქნა გამოძახებული. შენობის ევაკუაცია მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 331-ე მუხლით ტერორიზმის შეტყობინების შესახებ“, - განაცხადა ადეიშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის ტერიტორიაზე ამდროისთვის არსებულ ვითარებას, აპარატის თანამშრომლებში პანიკა არ არის და მათმა ნაწილმა ირაკლი აბაშიძის ქუჩა უკვე დატოვა კიდეც.