არჩევნებში "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ, მაგ შეკითხვის დასმას ხომ ვერ გაბედავდით", - ასე მიმართა ბაჩო ახალაიამ პროკურორ შაქრო ზაალიშვილს , რომელმაც დასვა შეკითხვა, იყო თუ არა შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეში აღნიშნულ სპეცრაზმელებზე პოლიტიკური ზემოქმედება.
პროკურორის შეკითხვას ბაჩო ახალაიამ პასუხი ასე გასცა - "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ არჩევნებში, მაგ შეკითხვის დასმას ხომ ვერ გაბედავდით, არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა ზემოქმედება", - განაცხადა პროცესზე ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაზარალებულ სპეცრაზმელებზე არანაირი პოლიტიკური ანგარიშსწორება არ მომხდარა და მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები წვრთნის ნაწილი იყო და არა წამების.
"არანაირი პოლიტიკური სარჩული ამას არ ჰქონია", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ახალაიას და მასთან ერთად ექვს პირს ბრალად განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით სპეცრაზმელების წამება ედებათ. საუბარია 2012 წლის აგვისტოს პერიოდზე.
დაცვის მხარის მტკიცებით, ამ პერიოდში სპეცრაზმელებს რეინჯერის კურსი ჩაუტარდათ, რომელიც შეიცავს ფიზიკურ და სიტყვიერ ზემოქმედებას. მათი მტკიცებით, ეს წვრთნის ნაწილია და წამებასთან საერთო არაფერი აქვს.
საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დაიწყო, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან და აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში დადგება.