დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ

დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოსა და მის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობენ. "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის არგუმენტებს დეპუტატებს საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე აცნობს. 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს. კერძოდ, ვეტოდადებული პროექტის თანახმად, წესი ასეთია: - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც ათი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და კანონი არ გამოაქვეყნა და არც უმაღლეს საბჭოს დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო ხუთი დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით, თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი ხუთი დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

თუ განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან შეუძლებელია კანონზე ხელმოწერისა და მისი გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტის შეფასებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ეს დებულებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას იწვევს და ხელს უშლის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი აკნინებს ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს.

"აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც. ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა იმოქმედონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს" , – ასეთია პრეზიდენტის პოზიცია პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.