კახი კახიშვილს მაჟორიტარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერის წინადადება საინტერესოდ მიაჩნია

კახი კახიშვილს მაჟორიტარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერის წინადადება საინტერესოდ მიაჩნია

"ევროპულ ფასეულებათა ინსტიტუტის" ხელმძღვანელის კახი კახიშვილის განცხადებით, პრემიერის მოსაზრება მაჟორიტარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებაა. საარჩევნო საკითხებში ექსპერტმა კახი კახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის განაცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მაჟორიტარებული სისტემით დეპუტატების არჩევის წესის სავარაუდო გაუქმებას შეეხება. 

კახი კახიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და საჭიროა ფიქრი დავიწყოთ ახალ საარჩევნო კოდექსზე. იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსით განხორციელებული კოსმეტიკური ცვლილებები პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკეთესი იქნება, თუ პარლამენტი ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მუშაობას დაიწყებს.

"შედეგად მივიღებთ კარგ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესებს დაარეგულირებს დაწყებული საარჩევნო სისტემით და საარჩევნო დავებით დამთავრებული. რაც შეეხება უნდა ჩატარდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემით არჩვენები, ეს ერთი პოლიტიკური სუბიექტის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, კარგი იქნება ყველა მოქმედი პოლიტიკური სუბიექტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხედულებათა შეჯერება მოხდეს თუ რა ტიპის პარლამენტი გვჭირდება, ერთპალატიანი, თუ ორპალატიანი, სადაც ზედა პალატაში იქნებიან პროპორციული სისტემით წარმოდგენილი დეპუტატები, ქვედა პალატაში სენატორების სახით მაჟორიტარი დეპუტატები, თუ საერთოდ გადავდივართ ერთპალატიან პარლამენტის სისტემაზე. ასევე შენარჩუნდეს თუ არა არსებული შერეული საარჩევნო სისტემა. ეს შერეული საარჩევნო სისტემა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია. ასეთი ტიპის შერეული საარჩევნო სისტემით იოლია ხელისუფლების შენარჩუნება. პრინციპში, ბიძინა ივანიშვილი პირველია ხელისუფალთაგან, რომელიც უარს ამბობს მაჟორიტარებზე, რადგან ყველა ხელისუფლებას მაჟორიტარების ხარჯზე ჰყავდა უმრავლესობა, ასე რომ ეს წინადადება საინტერესოა", - აღნიშნა კახი კახიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

"მაჟორიტარების პრობლემა იმ დონით არსებობს, რომ მე რამდენჯერმე დავსვი საკითხი, შეიძლება ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ, თუმცა არ ვარ ამის დიდი სპეციალისტი და ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარები პარლამენტრის წევრები არიან, კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, კეთილი უნდა ინებონ და საკუთარი უფლებები და მოვალეობები გაარკვიონ კარგად და იმის მიხედვით გააგრძელონ საკუთარი მოღვაწეობა.

"მათთვის არ ჩაუბარებით რეგიონები. ისინი აირჩიეს ამ რეგიონებიდან. ვალდებულება აქვთ ამ რეგიონების მიმართ და ეს უნდა განახორციელონ და არა მეტი. შეიძლება უხეში ტერმინი გამოვიყენე, როდესაც ტერმინი - ფეოდალური გამოვიყენე, მაგრამ ის, რომ მათ მიაჩნიათ, რეგიონი თვითონ უნდა მართონ, ასე არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა.