"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის აუდიტის მიხედვით დარღევებისა და არაეკონომიკური ხარჯვის შემთხვევები გამოვლინდა"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის აუდიტის მიხედვით დარღევებისა და არაეკონომიკური ხარჯვის შემთხვევები გამოვლინდა. 

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა ბრაგვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამინისტროში 2012 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და არაეკონომიკური ხარჯვის შესახებ ისაუბრა.

"პრივატიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის გამო სამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუქმება და 5 010 000 აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება ვერ ხერხდება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2010 წლის დასაწყისში 3 მილინონი ევროს სესხი გამოყო. არაეფექტური მუშაობის შედეგად ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ათვისება ვერ მოხდა, რის გამოც ვალდებულების სახით 2011-2012 წლებში ჯამურად 85 000 ლარია გადახდილი.

აჭარის საავიაციო ბაზრის პოტენციალის შესასწავლდად "Lufthansa Consulting Gmbh"-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 310 000 ევროს შეადგენდა. ხელშეკრულება მომსახურების სამ ეტაპს ითავლისწინებდა. პირველი ეტაპის შემდეგ "Lufthansa Consulting Gmbh"-ის მიერ ცნობილი იყო, რომ ბათუმის ახალი ავიაკომპანიის ჩამოყალიბება არაეფექტური იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება გაგრძელდა, რის შედეგადაც 155 000 ევრო არამიზნობრივად არის გახარჯული", - განაცხადა ბრაგვაძემ.

მისივე თქმით, მასალები რეაგირებისთვის აჭარის ა/რ პროკურატურას გადაეგზავნა.