"ის, რომ "ქართულ ოცნება" ფეოდალური ინსტიქტების მქონე პოლიტიკოსებისგან შედგება, საარჩევნო სისტემის ბრალი არ არის"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ის, რომ "ქართულ ოცნება" ფეოდალური ინსტიქტების მქონე პოლიტიკოსებისგან შედგება, საარჩევნო სისტემის ბრალი არ არის. 

ასე გამოეხმაურა კანდელაკი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მაჟორიტარებმა კეთილი უნდა ინებონ და საკუთარი უფლებები და მოვალეობები გაარკვიონ, ვინაიდან მათთვის რეგიონები არავის ჩაუბარებია და შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემა საერთოდ გაუქმდეს.

"კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღიარებს იმას, რომ "ქართული ოცნების" სხვადასხვა მაჟორიტარები იქცნენ პატარ-პატარა ფეოდალებად. რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, ამის მიზეზი პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა არ არის. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე საუბარი ყოველთვის შეიძლება და ეს ლეგიტიმური დისკუსიაა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია და მე ვფიქრობ, თავისდა უნებურად, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მმართველი ძალა ფეოდალური და კორუმპირებული ინსტიქტების მქონე არაფრისმაქნისი, უუნარო პილიტიკოსებისგან შედგება", - განაცხადა კანდელაკმა.