"აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობით, FBI საერთაშორისო დონის პროცესებში საერთოდ არ მონაწილოებს"

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობით, FBI საერთაშორისო დონის პროცესებში საერთოდ არ მონაწილოებს.

ამის შესახებ მაისაიამ "მეორე არხის" ეთერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, "26 მაისს შსს-ში FBI-ის ჯგუფი იჯდა, რომელმაც დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი.

"მე მინდა, შევიტანო ეჭვი მიხეილ სააკაშვილის განათლებულობაში და დავსვა ერთი ლოგიკური კითხვა: სწავლობდა კი იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში? როგორ აქვს აღებული მას ამერიკის სამართლისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი, რადგან მიხეილ სააკაშვილი ელემენტარულად ვერ ერკვევა აშშ-ში მოქმედი ფედერალური კანონმდებლობის არსში და არ შეუძლია, გაარჩიოს, თუ რით განხვავდება ფედერალური სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები შტატისა და უფრო დაბალი დონის მოხელეებისგან. ჯერ ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა იცრუა, როდესაც ბრძანა, რომ FBI-ის ჯგუფი ახორციელებდა ამ სასაკლაოს მონიტორინგს. მან არ იცის, რომ აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, ფედერალური ბიუროს სააგენტო, გამოძიების ბიურო საერთოდ არ მონაწილოებს საერთაშორისო დონის პროცესებში, მას არ აქვს უფლება, თუნდაც ჩაერთოს გამოძიების დონეზეც თავისი ქვეყნის გარეთ. ასეთი სააგენტოები არიან სპეციალიზებული სააგენტოები, როგორიცაა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, პენტაგონის, იგივე სამხედრო დაზვერვის სააგენტო და შეიძლება კიდევ მოვიყვანოთ ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველო, რომელსაც ეს უფლებამოსილება გააჩნიათ. მეტსაც გეტვით, FBI-ის წარმომადგენლები მაშინაც კი არ ჩამოსულან საქართველოში, როცა მოკლეს ამერიკელი დიპლომატი ვუდროფი, რომელიც ოფიციალურად იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტი. მეორე მაგალითს მოვიყვან ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ფაქტს. მაშინ მასალა გადაუგზავნეს ვაშინგტონში და FBI-მ გააკეთა დასკვნები, რომელიც შემდგომში იყო გაყალბებული, ვის მიერ, ჩვენ კარგად ვიცით", - განაცხადა მაისაიამ.