"თუ 26 მაისის მოვლენების გამო, პრეზიდენტი კუთხეში აღმოჩნდა მიმწყვდეული, მაშინ გაცილებით მეტსაც იტყვის"

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, პრეზიდენტი რბილი შანტაჟის რეჟიმში გადავიდა. 

ამის შესახებ ცინცაძემ "მეორე არხის" ეთერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, "26 მაისს შსს-ში FBI-ის ჯგუფი იჯდა, რომელმაც დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი".

"ამ განცხადების ადრესატი რასაკვირველია, იყო ვაშინგტონი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ-ის ელჩს არ უარყვია ის, რომ ვთქვათ, იქ FBI-ს წარმომადგენლები იყვნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ის საკვანძო სიტყვა რა იყო – ტრაგედია თუ დანაშაული. მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. ელჩმა დიპლომატიურად დავარცხნა ის საშინელება, რაც იქ მოხდა და ტრაგედია უწოდა. თქვენი აზრით, ეს ტრაგედია იყო თუ დანაშაული? ტრაგედია არის ცუნამი, ტრაგედია შეიძლება იყოს, თუ სახლი დაინგრა, გაზმა გაჟონა და ხალხი დაიღუპა, მაგრამ ადამიანების მკვლელობები და მერე სახურავზე შეყრა ტრაგედიის ფარგლებს ცოტა სცილდება. ეს ყველაფერი მე მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი აღარ ზრუნავს და აღარ ფიქრობს დღევანდელ მდგომარეობაზე, ის პრეზიდენტობის შემდგომ ბედზე და მდგომარეობაზე ზრუნავს უკვე. ქვეყანაში, სადაც დაიბადა ტერმინი "კოჭლი იხვი", იქ ყველასთვის კარგადაა ცნობილი დღეს საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობა, რომელსაც ორი თვე დარჩა ფორმალური მმართველობის, რეალურად კი, ის უკვე ვეღარაფერს მართავს. პრეზიდენტი, პირდაპირ რომ ვთქვათ, რბილი შანტაჟის რეჟიმშიც გადავიდა. ეს არ არის უცხო დიპლომატიაში. ასეთი განცხადებები კიდევ იქნება. პრეზიდენტმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ თუ მის წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, პირველ რიგში, მაისის მოვლენების გამო, თუ ის დაკითხვაზე მივიდა და კუთხეში აღმოჩნდა მიმწყვდეული, მაშინ ის გაცილებით მეტსაც იტყვის", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.