კომუნიკაციების კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გაიმართება

კომუნიკაციების კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გაიმართება

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 26 აგვისტოს კონკურსი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის სახე იქნება - კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო რადიომაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა კი თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი. ლიცენზიის მაძიებლის მიმართ წაყენებულია პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ხუთმა კომპანიამ წარადგინა. ესენია: შპს "არტპალასი", შპს "ენერჯი გრუპი", შპს "სტერეო+", შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი" და შპს "არტ რადიო".

კომისიაში განამრტავენ, რომ ხუთივე კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო მოთხოვნებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსანტები სამაუწყებლო კონცეფციების შესახებ თავიანთ პოზიციებს კომისიონერებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ, 22 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული.