"აშშ-ის საელჩო, როგორც დიპლომატიური წარმონაქმნი, შეზღუდულია, რომ დამოკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულოს"

"დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-ის საელჩო, როგორც დიპლომატიური წარმონაქმნი, შეზღუდულია, რომ დამოკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულოს. 

ამის შესახებ ბურჯანაძემ "მეორე არხის" ეთერში სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, “26 მაისს შსს-ში FBI-ის ჯგუფი იჯდა, რომელმაც დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი".

"სააკაშვილის ეს ფრაზა შემთხვევით წამოსროლილი არ არის. ეს განცხადება, როდესაც თანამონაწილედ აცხადებ აშშ-ს, საზოგადოებაში ანტიამერიკულ განწყობას აღვივებს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს სააკაშვილის მხრიდან აბსოლუტურად შეგნებულად გაკეთდა, იმიტომ, რომ ის არის მავნებელი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებასაც შეეხო.

"უპირველეს ყოვლისა, ქართულ-ამერიკულ ინტერესებშია, აშშ-ის ინტერესებშია, რომ მეტ-ნაკლებად ამერიკის მხარემ ნათელი მოჰფინოს ამ რეალობას. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა საელჩო, იმიტომ, რომ ცხადია, ის ვერც დაადასტურებდა ამას, რადგან ამის დადასტურება სრულიად სხვა რეალობაში გადაიყვანს ყველაფერს და ეს წარმოუდგენელია. მაშინ გამოვა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამერიკა თანამონაწილეა იმ უბედურების, რაც ბატონმა ელჩმა სამართლიანად აღნიშნა, რომ მართლაც დიდი ტრაგედიაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, საელჩო, როგორც დიპლომატიური წარმონაქმნი, ასევე შეზღუდულია, რომ ასე პირდაპირ უარყოს ეს, გამოვიდეს და დამოკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, იმ ჩარჩოებში, რაც დიპლომატებს ეძლევათ ამა თუ იმ განმარტების გასაკეთებლად, ბატონმა ელჩმა გააკეთა განმარტება, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ამით მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რაც ჩვენთვის მნიშნვლოვანი იყო და ეს პოზიცია მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდა იმ პოზიციებისგან, რომლებიც თავს არიდებდნენ 26 მაისის, როგორც დიდი ტრაგედიის შეფასებას. ამადროულად, ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ელჩმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ამ გამოძიების დასრულება. მე ვფიქრობ, რომ 26 მაისის გამოძიება აუცილებლად უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მეტი ზეწოლა უნდა ყოფილიყო სააკაშვილის ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის, აშშ-ის მხრიდან, რომ 26 მაისი შემდგომი მოვლენები ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი აღნიშნულ თემას ორი დღის წინ გამოეხმაურა.

"2011 წლის მაისში პირადად მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია საქართველოსთვის. რომ გადავავლოთ თვალი, მაშინ ამერიკული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, აღნიშნულია მოწოდებები, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირებისა, რომლებიც აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან არ იქნება მართებული სასამართლო პროცესის ფონზე რაიმე განცხადება გავაკეთოთ", - განაცხადა ნორლანდმა.