ილია მეორე ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

ილია მეორე ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. როგორც კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პუტინის შეხვედრა სასულიერო პირებთან რუსეთის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში შედგა.

შეხვედრას არსებული 15 მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლები და მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, ალბანეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, საბერძნეთის და ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები.

ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, რათა ცივილიზაციათა შორისი კონფლიქტების არ იქნას დაშვებული.

"რუსეთი, მისი დიდი გამოცდილებითა მხარს უჭერს მრავალკონფესიურ სამყაროს და მზად არის ეს გამოცდილება გააზიაროს. ტკივილით აღვნიშნავ, რომ მსოფლიოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში, კონფესიათაშორისი კონფლიქტი მატულობს, რელიგიური უმცირესობების უფლებები კი ირღვევა, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანებიც არიან. მივიჩნევ, რომ ეს მწვავე პრობლემა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ჩვენი ქვეყანა კონფლიქტური სიტუაციების პოლიტიკური გადაჭრის პროცესის დაჩქარებაში აქტიურ, კონსტრუქციულ მიმართულებას გააგრძელებს. ამ ძალისხმევაში დიდი მნიშვნელობა პროდუქტიულ რელიგიათა შორის და კულტურათაშორის თანამშრომლობას ენიჭება. რა თქმა უნდა, აქ ჩვენთვის ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პუტინმა.