საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მზად სექტემბრისთვის იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ცოტა გაგვიჭიანურდა, თუმცა გეგმა მუშავდება და სექტემბერისთვის იქნება". "ამ შემთხვევაშიც საყვედური მივიღეთ, რომ გაგვიჭიანურდა, მაგრამ რა თქმა უნდა ობიექტური პრობლემები არსებობს, ვიდრე სუბიექტური. ცოტა გაგვიჭიანურდა, მაგრამ სექტემბრისთვის იქნება ეს დოკუმენტი, რომელიც სასარგებლოდ გამოგვადგება და არ იქნება ფორმალური დოკუმენტი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეკონომიკურ ექსპერტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. "რჩევებიც ბევრი იყო, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. იყო კრიტიკული გამონათქვამები, ნაწილიც მისაღები იყო", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკონომიკურ ჯგუფთან მას ხშირი შეხვედრები ექნება. "ჩვენი ქვეყნის პრობლემების ყველა გზა თითქმის ეკონომიკაზე გადის და ჩვენი ძირითადი გამოწვევა ეკონომიკაა. ნახევრად ხუმრობით, მაგრამ აბსოლუტურად სერიოზულად განვაცხადე, რომ მომავალში ჩემი ძირითადი ინტერესი ეკონომიკური ექსპერტები იქნებიან", - დასძინა პრემიერმა.