ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და საქართველოს მთავრობა 140-მილიონიან ხელშეკრულებას გააფორმებენ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და საქართველოს მთავრობა 140-მილიონიან ხელშეკრულებას გააფორმებენ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და საქართველოს მთავრობა 140-მილიონიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ ცერემონიას უმასპინძლებს. ცერემონიაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი დანიელ იოჰანესი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელს მოაწერენ ახალ, ხუთწლიან კომპაქტს, რომლითაც საქართველო 140 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ხელშეკრულების მიზანია, საშუალო და უმაღლეს, აგრეთვე პროფესიული განათლების სფეროებში ინვესტირების გზით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური განათლების დონის ამაღლებას, მასწავლებელთა მომზადებასა და სკოლების რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მოსწავლეების სწავლის პოტენციალის ზრდას.

კომპაქტს უხელმძღვანელებს და განახორციელებს "ათასწლეულის გამოწვევა – საქართველო". ის საქართველოს სამთავრობო უწყებაა. ახალი კომპაქტი ეფუძნება პირველი კომპაქტის წარმატებას, რომელიც 2011 წლის აპრილში დასრულდა", - აცხადებენ საელჩოში.