პრემიერთან შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესისთვის კორპორატიული ტარიფების შემცირების საკითხი დააყენა

პრემიერთან შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესისთვის კორპორატიული ტარიფების შემცირების საკითხი დააყენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესისათვის კორპორატიული ტარიფების შემცირების საკითხი დააყენა, - ამის შესახებ ეკონომიკური გუნდის ექსპერტებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრაზე ყველას საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება ჰქონდა. ამასთან, ყველა საკითხი იქნა ჩანიშნული და წარიმართება მუშა პროცესი.
ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კი აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე მწვავე დისკუსიას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკური პრობლემების ფართო წრეს. ცისკარიშვილის ინფორმაციით, არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც შეჯერდება და თავს მოიყრის ერთად, გარკვეული პროექტების საცავის სახით.

"სერიოზული ინტერესი გამოვლინდება უცხოელი ინვესტორების მხრიდან, როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია აღდგება ერთხელისუფლებიანობის სახით და არ იქნება საბოტაჟი და მავნებლობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან, რაც ხელს უშლის უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს, გააგრძელონ აქტიური ქმედება ქართული ეკონომიკის საკეთილდღეოდ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრას რეგულარული ხასიათი ექნება.