პრემიერი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს

პრემიერი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ეკონომიკური გუნდის ექსპერტებთან შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი რამდენჯერმე დააყენა. როგორც საკუთარ ბიზნეს ცენტრში პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. 

"მაჟორიტარების პრობლემა იმ დონით არსებობს, რომ მე რამდენჯერმე დავსვი საკითხი, შეიძლება ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ, თუმცა არ ვარ ამის დიდი სპეციალისტი და ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარები პარლამენტრის წევრები არიან, კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, კეთილი უნდა ინებონ და საკუთარი უფლებები და მოვალეობები გაარკვიონ კარგად და იმის მიხედვით გააგრძელონ საკუთარი მოღვაწეობა.

"მათთვის არ ჩაუბარებით რეგიონები. ისინი აირჩიეს ამ რეგიონებიდან. ვალდებულება აქვთ ამ რეგიონების მიმართ და ეს უნდა განახორციელონ და არა მეტი. შეიძლება უხეში ტერმინი გამოვიყენე, როდესაც ტერმინი - ფეოდალური გამოვიყენე, მაგრამ ის, რომ მათ მიაჩნიათ, რეგიონი თვითონ უნდა მართონ, ასე არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა არ დააკონკრეტა, რომელ მაჟორიტარ დეპუტატთან მიმართებაში აქვს პრეტენზიები. მისი თქმით, ყველას აქვს პრობლემა, ზოგს ცოტა, ზოგს დიდი, მაგრამ პრობლემები არსებობს. პრემიერის განცხადებით, ბევრს პოლიტიკური გამცდილება აკლია.