ბიძინა ივანიშვილი:  სააკაშვილის ამნისტიას ერთი და ორი პიროვნება ვერ გადაწყვეტს

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის ამნისტიას ერთი და ორი პიროვნება ვერ გადაწყვეტს

სააკაშვილის ამნისტიას ერთი და ორი პიროვნება ვერ გადაწყვეტს, ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ჩვენს საზოგადოებას მოესურვება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა მოგონილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა კანონპროექტი მოამზადოს. ივანიშვილის თქმით, არაფერი მოხდება საზოგადოების მიღმა, ამას ხელისუფლება არ იკადრებს და ამას არც პირადად დაუშვებს.

"ვერავინ გაბედავს და ვერ გადაწყვეტს, სააკაშვილზე ამნისტია იქნება ეს თუ ზოგადად, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, გადაწყდეს გარეთ, ან ეს გადაწყვიტოს ერთმა ან ორმა პიროვნებამ. ეს ყველაფერი გადაწყდება და გაკეთდება ისე, როგორც ჩვენს საზოგადოებას მოესურვება და საზოგადოების ამ ლეგიტიმაციას გავაღრმავებთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც ხელისუფლება გააკეთებს, იქნება გასაგები და ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ის საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.