პრემიერი მხარდამჭერებს სთხოვს,

პრემიერი მხარდამჭერებს სთხოვს, "რესპუბლიკელებზე" "თავდასხმებისგან" თავი შეიკავონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, "რესპუბლიკელებზე" და განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილზე "თავდასხმებისგან" თავი შეიკავონ. 

როგორც საკუთარ ბიზნესცენტრში პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "რესპუბლიკელებს" საპარლამენტო მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ და სწორედ ამიტომ არიან აქტიურები.

"სამწუხაროდ, გარედან ძალიან ბევრს ესხმიან თავს "რესპუბლიკელებს, დაუმსახურებლად, მე ვთვლი. ძალიან ხშირად ჩვენი მხარდამჭერებისგანაც "რესპუბლიკელების" მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკა ისმის. ძალიან ვთხოვდი, თავი შეიკავონ. განსაკუთრებით თავი შეიკავონ პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმებისგან, რადგან ის სახელმწიფო მოღვაწეა, ძალიან კარგი სპეციალისტია, არის დაბალანსებული და ნიჭიერი კაცი და ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ მას ხშირად დაუმსახურებლად აკრიტიკებენ", - აღნიშნა პრემიერმა.