ქუცნაშვილმა ერთ-ერთი პარტიის მიერ მილიონის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა

ქუცნაშვილმა ერთ-ერთი პარტიის მიერ მილიონის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა

ზაქარია ქუცნაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან წარადგინა დოკუმენტი, სადაც მისივე თქმით, დაფიქსირებულია ერთ-ერთი არასაპარლამენტო პარტიის ლიდერის მოთხოვნა, არჩევნებისთვის 1 მილიონი ლარის წინასწარ მიღების თაობაზე. 

დოკუმენტი მან კოლეგებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას წარუდგინა. საუბარია კანონპროქტზე, რომელიც პარტიათა დაფინანსების ნაწილში არასაპარლამენტო პარტიების მხრიდან სერიოზული კრიტიკისა და უკმაყოფილების საგანია. კანონპროექტს სესიაზე I მოსმენით იხილავენ.

"ერთ-ერთი პარტიის ლიდერი მილიონი ლარის მიცემას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასწარ ითხოვდა. ეს ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია და ამას დაადასტურებს დოკუმენტის განხილვისას დამსწრე 30-ზე მეტი პარტიის წარმომადგენელი. შეურაცხმყოფელი კამპანია, რაც წარმოებულ იქნა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ, მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო საქართველოში პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად. დოკუმენტი ჩემს "პაპკაშია" და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს. ასევე არიან პირები, ვინც ამ საჯარო განხილვას ესწრებოდნენ", – განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ზაქარია ქუცნაშვილმა სესიაზე თავი შეიკავა იმ პოლიტიკოსის დასახელებისგან, ვინც მისი მტკიცებით, საარჩევნო ხარჯებისთვის მილიონის ჩარიცხვას წინასწარ ითხოვდა, თუმცა, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ესაა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმ კანდიდატს, ვინც ხმათა 10%-ს ან მეტს მოიპოვებს, ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით. ასეთი წესი ამჟამად მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ვრცელდება.