ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვით დაემუქრა ყველას, ვინც ოპოზიციას ღონისძიებებში ხელს უშლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვით ემუქრება ყველას, ვინც ოპოზიციას ღონისძიებებში ხელს უშლის, - ამის შესახებ პრემიერმა ბიზნესცენტრში ეკონომიკურ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ივანიშვილი გამოეხმაურა ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარ ინციდენტებს, როდესც მოქალაქეების ჯგუფმა "ნაციონალებს" კვერცხები დაუშინეს. პრემიერის თქმით, როგორც მას უთხრეს, არ მტკიცდება, რომ "ნაციონალების" ღონისძიებებთან დაკავშირებული აქციები იყო "ქართული ოცნების" ოფისიდან ორგანიზებული. მისივე განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ ეს ხდებოდეს "ქართული ოცნებიდან", რადგან როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში.

ივანიშვილის განცხადებით, მან ითხოვა და გასცა ასევე ბრძანებებიც, რომ მაქსიმალურად გაკეთდეს ორგანიზება, რათა მსგავსი ექსცესები არ მოხდეს. "დღესაც გვქონდა საუბარი, რომ მოიტანონ კონკრეტულად გვარები, თუ ვინმე ჩვენი პარტიიდან ამაში მონაწილეობდა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ გავრიცხავთ "ქართული ოცნებიდან" და ისინი ჩვენი წევრები არ იქნებიან, მკაცრი რეაგირება გვექნება. ჩვენი წევრები ვერ იქნებიან ისინი, ვინც არ აძლევენ ნორმალურად გამოსვლის საშუალებას ოპოზიციას. თუ იქცევიან ისინი ისე, როგორც გვექცეოდნენ ჩვენ, ეს არის დაუშვებელი და აუცილებლად მათ ჩვენი რიგებიდან გავრციხვათ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მსგავსი რამ არ ხდება ხელისუფლების მხრიდან და არ შეიძლება რომ დაპირისპირება მომხდარიყო ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. "მგონი მათ უფრო კარგად იციან, საიდან ხდებოდა ამის ინსპირირება", - აღნიშნა ივანიშვილმა.