სალომე ზურაბიშვილი:   საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობა პოლიტიკური საკითხია

სალომე ზურაბიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობა პოლიტიკური საკითხია

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური საკითხია. 

"მას შემდეგ, რაც ოფიცალურად გამოვაცხადე კანდიდატურა და იგრძნობა დიდი მხარდაჭერა, ატყდა გაუგებარი ალიაქოთი... ვრცელდება ხმები თითქოს არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩემი არჩევნებში მონაწილეობა იურიდიული საკითხი არ არის, არამედ - პოლიტიკური.

კონსტიტუციის მიხედვით იურიდიული შეზღუდვა ისედაც არ არსებობს: ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი ფიცის დადების მომენტში არ იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რაც ყველას ესმის რაოდენ მარტივად წყდება!.. მეტიც, ამ დღეებში პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საერთოდ ყველანაირ სირთულეს მოხსნის. ამიტომ თუ მართლა შეზღუდვებზე აპელირებენ, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პოლიტიკურად ცდილობენ არ მიმიშვან არჩევნებამდე, ხელოვნური ბარიერების გზით", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილის მის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განმარტებით, არ ესმის ატეხილი აჟიოტაჟი და მისი მომხრეების შფოთვა, რადგან უჭირს დაჯერება, რომ შეზღუდვებს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებდა, ახლა "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ გამოიყენებს.

"ჩემთვის დაუჯერებელია, რომ იმ ხელოვნურ შეზღუდვებს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" იყენებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ახლა თვითონ "ქართული ოცნება" გამოიყენებს ჩემს წინააღმდეგ. არ მინდა დავიჯერო, რომ თუნდაც ახალი კანონის ამოქმედებისას (ორმაგი მოქალაქეობის შესახებ), ისე მოახერხონ, რომ კანონი მორგებული იყოს ივანიშვილზე და ჩემზე არ გავრცელდეს. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნება?! პირიქით, მე მჯერა, რომ ახალი ხელისუფლება, როგორც აცხადებს, ჩაატარებს "ყველაზე" გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ყველა კანდიდატს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, აწარმოოს საარჩევნო კამპანია. არა მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლების აწყობს შელახოს ჩემი ანუ დამოუკიდებელი და პროევროპელი კანდიდატის უფლებები ასეთი უხეში ფორმით და სინამდვილეში ამით გზა გაუხსნას არადემოკრატიულ და არადასავლურ ძალებს", - განმარტავს ზურაბიშვილი.

გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ საუბარია არა ბრძოლაზე "მისი ადგილისთვის", არამედ საქართველოს უკეთესი მომავლის სურვილზე.

"აქ არ არის ბრძოლა ჩემი ადგილისთვის (მე ადგილი მაქვს და ყველაფერი ის რაც შეიძლება არჩევნების შედეგად მივიღო), აქ არის საქართველოს უკეთესი მომავლის სურვილი, რომ ქვეყანამ საბოლოოდ დაივიწყოს წარსულის მახინჯი გამოცდილება, გამოვიდეს ავტორიტარული წყობიდან; ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭირო ვარ ქვეყნისთვის", - აცხადებს ზურაბიშვილი.