"ქართული ფოლადი" ინა გუდავაძისა და მისი კომპანია "რუსთავის ფოლადის" ქმედებებით შეშფოთებულია

ს.ს. "ქართული ფოლადი" შეშფოთებულია ინა გუდავაძისა და მისი კომპანიის შ.პ.ს. "რუსთავის ფოლადის" ქმედებებითა და ბოლო დროინდელი უსაფუძვლო განცხადებებით , - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" დირექტორის, ნათია ჯაყელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ს.ს. "ქართული ფოლადი" შეშფოთებულია ინა გუდავაძისა და მისი კომპანიის შ.პ.ს. "რუსთავის ფოლადის" ქმედებებითა და ბოლო დროინდელი უსაფუძვლო განცხადებებით.

ს.ს. "ქართული ფოლადი" და ჯოზეფ კეი 2005 წლიდან ფლობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივებს და წარმატებით ახორციელებდა მეტალურგიულ პროექტს, ამ პერიოდში ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. "ქართული ფოლადი" მსოფლიო ბრენდი იყო 2011 ივლისამდე.

2011 წლის 6 ივლისს, მიხეილ სააკაშვილსა და ინა გუდავაძეს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ს.ს. "ქართული ფოლადის" მენეჯმენტს იძულებით დაატოვებინეს ქარხანა, ხოლო თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა სახელდახელოდ შექმნილ შპს "რუსთავის ფოლადს", რომლის მეპატრონე რეალურად ინა გუდავაძეა.
საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ, ს.ს. "ქართული ფოლადმა" თავისი კანონიერი უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2013 წლის 19 ივლისს აბსოლუტურად სწორი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილებით ბათილად და არაკანონიერად სცნო შპს "რუსთავის ფოლადისათვის" მეტალურგიული ქარხნის აქტივების გადაცემა და ქონება კანონიერ მესაკუთრეს ს.ს. "ქართული ფოლადს" დაუბრუნა.

მაშინ როცა, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, შპს "რუსთავის ფოლადის" წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი არაკორექტული განცხადებები, სასამართლოს პირდაპირი შეურაცხყოფა და სასამართლო ხელისუფლებაზე უკანონო და პირდაპირი ზაწოლაა!

საინტერესოა, შპს "რუსთავის ფოლადის" წარმომადგენელი რატომ აძლევენ თავს უფლებას შეურაცხყონ სახელმწიფო, სასამრთლო და ქართული საზოგადოება. იქნებ, უმჯობესია საქმის განხილვისას წარმოადგინონ რაიმე არგუმენტი!

კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ: ინა გუდავაძემ და შპს "რუსთავის ფოლადის" წარმომადგენლებმა განუმარტონ საზოგადოებას:

1. რა ქონებაში გაუცვალეს ტელეკომპანია "იმედი" მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და რა გარიგებას მოაწერა ხელი ინა გუდავაძემ და მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 6 ივლისს?

2.წინა ხელისუფლების მხარდაჭერით, წიდის ამორალური გადაყიდვით როგორ მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი?

3.როდემდე უნდა აშანტაჟოს ინა გუდავაძემ და მისმა გუნდმა ქართული სახელმწიფო, სასამართლო და საზოგადოება?!", - ნათქვამია სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" დირექტორის, ნათია ჯაყელის განცხადებაში.