"ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები" ისეთივე აბსურდული ფრაზაა, როგორც "ცხელი თოვლი"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები" ისეთივე აბსურდული ფრაზაა, როგორც "ცხელი თოვლი".

როგორც ბოკერიამ გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" სტუმრობისას განაცხადა, "რეჟიმის გასამართლება", რასაც გარკვეული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ითხოვენ, რეალისტურად არ ესახება.

"ეს მესახება სრულ აბსურდად. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხსირად საუბრობენ – "რეჟიმის გასამართლებამდე", ამის შედეგად ფაშისტური გერმანიის ან არგენტინის ხუნტის ანალოგიებით, მაშინ ეს კატასტროფული დარტყმა იქნება ქართული დმეოკრატიისთვის და არამარტო ამ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ეს არ არის ერთი პოლიტიკური გუნდის ან პიროვნებების ბედი ან პრობლემა, ესაა ბედი ქართული დემოკრატიის. იმის გამო, რომ პირველად მოხდა დემოკრატიულად ხელისუფლების ცვლა, იმის გამო, რომ აბსურდია ასე საკითხის დაყენება და არანაირი საფუძველი არ აქვს. ის, რაც ჩვენ გვესმის ხოლმე, რომ ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები, აღიარა და მერე გადააბარა ხელისუფლება – ეს თავისთავად არის აბსურდული ფრაზა, ისევე როგორც ’’ცხელი თოვლი’’, იმიტომ რომ ტირანები არ აგებენ არჩევნებს და მშვიდობიანად არ აბარებენ ხელისუფლებას. ასე, რომ, ეს იქნება წმინდა წყლის პოლიტიკური დევნის შემდეგ ხარისხში აყვანა. თან დამატებითი ცინიზმია იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის დიდი ნაწილის წარმომადგენლები არიან ძალიან ლოიალურები ან რბილები შევარდნაძის რეჟიმის შეფასებაში და ამ რეჟიმის ბევრი წარმომადგენელი დაბრუნდა, ასლან აბაშიძის მიმართაც კი, აჭარაში ვინც მოვიდა ის ხალხი, რაღაც ბოდიშის მოხდაზე საუბრობს, თავი რომ დავანებოთ საბჭოთა წარსულს, სადაც ასევე მსხვილი მსოფლმხედველობრივი განსხვავება გვაქვს ახალი გუნდის დიდ ნაწილთან, რომელიც თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის ასე ნეგატიურად შეფასება ცუდი იყო და ნოსტალგიური ელემენტები აქვთ. სხვათაშორის, საბჭოთა რეჟიმი არც გასამართლებულა, რომელიც მართლა გასასამართლებელი იყო და რომელმაც მილიონობით ადამიანი დასაჯა. ახლა ამათგან საუბარი, თუნდაც იმ მძიმე დანაშაულის ფონზე, რომელიც გამოვლინდა ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, არის ცინიზმი", - განაცხადა ბოკერიამ.