"ბენზინის ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა"

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველოში ბენზინის ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა, რომელიც ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას უკავშირდება. 

ამასთან, როგორც მთვრალაშვილმა "პირWელს" განუცხადა, საქართველოში ბენზინის ფასის ზრდა მყისიერად, საერთაშორისო ფასების ზრდის პარალელურად არ მომხდარა.

"ზრდა შეეხო თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქტს, სხვადასხვა ოდენობით მოიმატა ფასმა. მოგეხსენებთა, რომ ჩვენ ვართ ნავთობიმპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, კომპანიები იმპორტს ახორციელებენ საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე. საერთაშორისო ფასები კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში იზრდება. ეს ეხება როგორც ნავთობის ფასს, ისე ნავთობპროდუქტებს – ბენზინს, დიზელს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან ფასის ზრდა დაკავშირებულია ბოლო 30-40 დღის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან ანუ იქ არსებულმა დინამიკამ, რომელიც გამოირჩეოდა ფასების ზრდით, ჩვენთანაც ფასის კორექტირება გამოიწვია და ბენზინის ფასმა მოიმატა. ამასთან, ჩვენთან გაძვირება არ მომხდარა მყისიერად, საერთაშორისო ფასების პარალელურად", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ზრდის ტენდენციის გაგრძელებას არ ვარაუდობს. როგორც მთვრალაშვილმა განაცხადა, არსებული ფასი ალბათ, შენარჩუნდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 23 ივლისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონის სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 108.42 (+ 0.27) დოლარი/ბარელზე.
საქართველოში კი ბენზინი საშუალოდ, 3-5 თეთრით გაძვირდა.