"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია, მიხეილ სააკაშვილის კამპანია არ იქნება"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერია განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია "ეს არ იქნება მიხეილ სააკაშვილის კამპანია".

ამის შესახებ ბოკერიამ გადაცემაში "დიალოგში დავით პაიჭაძესთან’’ სტუმრობისას, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" შანსებზე საუბრისას განაცხადა.

"მე თავს შევიკავებდი კონკრეტული პროგნოზებისგან, მაგრამ როგორც ამ გუნდის წევრს, მაქვს იმედი წარმატების. თავისთავად პრაიმერიზის იდეა და ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო ძალიან კარგი არჩევანი მყისიერადაც, ამ მომენტისთვისაც და გრძელვადიანი პოლიტიკური მომავლისთვისაც. მოგეხსენებათ, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია, შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის და ეს არ არის მოკლე პროცესი. მე ვთვლი, რომ დავით ბაქრაძე ძალიან ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, თუმცა ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული საარჩევნო კლიმატზე, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არის ძალიან პრობლემური", - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა რეალურად ბრძოლა მეორე ადგილისთვის და მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშის დამკვიდრებისთვის, ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ოპოზიციური ძალა მაინც გამარჯვებისთვის იბრძვის და ამის შემდეგ, თუნდაც დამარცხების შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა რამდენად წონადი პოლიტიკური ძალა იქნება.

"თუმცა მე ვთვლი, რომ შედარებით ნორმალური პოლიტიკური კლიმატის პირობებში (ამ კლიმატის აბსოლუტურად გაჯანსაღება შეუძლებლად მიმაჩნია იმ ფონზე, რაც დღემდე შეიქმნა), ეს საკითხი საერთოდ არ იდგებოდა. "ნაციონალური მოძრაობა" უდავოდ არის და იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, დამარცხების შემთხვევაშიც კი ეს ასე არის დღეს და ასე დარჩება, თუ კატაკლიზმები არ მოხდა", - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რა როლს ითამაშებს საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერიას თქმით, "პრეზიდენტი არის პოლიტიკური ფიგურა და არავისთვის საიდუმლო არ არის მისი პოლიტიკური შეხედულება ახალი ხელისუფლების კურსზე მრავალ საკითხში".

"ის არის ძალიან კრიტიკული, საფუძვლიანად, ჩემი აზრით, ამიტომ არა მგონია, ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი გაქრეს პოლიტიკური ცხოვრებიდან საერთოდ, მაგრამ თუ თქვენ იმას გულისხმობთ, ჩემ პროგნოზში, ეს არ არის პრეზიდენტ სააკაშვილის კამპანია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორჯერ იყარა კენჭი და მოიგო და ეს არის მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა, ამიტომ ეს მისი კამპანია არ იქნება", - განაცხადა ბოკერიამ.