ადვოკატი:   დავით ჭაკუა ავსტრიელ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა

ადვოკატი: დავით ჭაკუა ავსტრიელ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა არ დაუკავებიათ, იგი ავსტრიელ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჭაკუას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. 

ადვოკატის მტკიცებით, ჭაკუას გადაწყვეტილი აქვს, რომ სიმართლე დაამტკიცოს, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და ვენაში სამართალდამცველებს იმიტომ ჩაბარდა, რომ ქართული მართლმსაჯულების არ სჯერა.

"დავით ჭაკუა დარწმუნებულია, რომ საქართველოში სასამართლო იქნება მიკერძოებული, ამიტომ ვენაში ჩაბარდა და არა საქართველოში, რათა დაამტკიცოს რომ არავის ემალება. იქაურმა სამართალდამცავმა ორგანომ იგი გარკვეული პირობების სანაცვლოდ დააკავა", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურა ჭაკუას ექსტრადირებას ვერ შეძლებს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა.

"ჩემი აზრით, ექსტრადირება გამორიცხულია", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

პროკურატურამ 24 ივლისს დავით ჭაკუას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ჭაკუა ვენაში დააკავეს 28 ივნისს და გირაოთი გაათავისუფლეს.

"ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, 28 ივნისს, ავსტრიის სამართალდამცავებმა, დავით ჭაკუა საქართველოში მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ქალაქ ვენაში დააკავეს. მოგვიანებით, ვენის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ჭაკუას შეეფარდა გირაოს თანხის გადახდა 5000 ევროს ოდენობით. იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა საექსტრადიციო პროცედურების წარმოებას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით ჭაკუას დაეკისრა საექსტრადიციო პროცედურების განმხილველი ორგანოს წინაშე გამოცხადების ვალდებულება და აეკრძალა ავსტრიის ტერიტორიის დატოვება. ამავდროულად, ავსტრიის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის თაობაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ჭაკუას ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული. ერთ-ერთი ბრალდება ციხის სკანდალურ კადრებს უკავშირდება, მეორე ბრალდება კი ციხის ბუნტთან არის დაკავშირებული. ჭაკუას ბრალად არაადამიანური მოპყრობის წაქეზება, ჩვენების მიცემის წაქეზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.